იპოდრომთან ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა
იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია ტერიტორიაზე არანაკლებ სამ საჩოგბურთო კორტს მოაწყობს.
გამარჯვებული კომპანია, კახა კალაძის თქმით, „კორტებია“. მას გადაეცემა საკუთრების უფლება და ექნება ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია და სამი საჩოგბურთო კორტის გარდა უნდა მოაწყოს, ასევე, სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში.
როგორც ქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისხდა და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, თუმცა, უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
„არც ქალაქის ინტერესი, არც ეკოლოგიური ინტერესი არ იყო გათვალისწინებული - კორპუსი, კორპუსი და კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ჰქონდათ მცდელობა, რომ მწვანე სივრცეების ხარჯზეც კი კორპუსები ჩაედგათ. რაც შეეხება კორტებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სივრცე. გამოვაცხადეთ აუქციონი. პირობა იყო მარტივი - განხორციელებულიყო ჩოგბურთის კორტების მოწყობის პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.