საზოგადოება
27/05/2022

ილია დარჩიაშვილი: რთულია პროგნოზი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოზე

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოზე, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია. 

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაა მოსალოდნელი.  

"შევსებული კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების დოკუმენტს. შეფასების ანგარიში დაეგზავნება 27 წევრ ქვეყანას, რომლებიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თუ რა მოლოდინი გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მაშინ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.

აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა მიიღოს, ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ასეთი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს. თუმცა მოგეხსენებათ, წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და ეს ყველასთვის ცნობილია.

საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი, რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს დასტურდება ევროკავშირის ოფიციალური განცხადებებით", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა. 

"2 წლით ადრე განაცხადის გაკეთება ერთის მხრივ იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს - 2022 წელს მზად იყო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით, ორივე კითხვარი აერთიანებდა 2 600-ზე მეტ კითხვას. პირველი ნაწილი მოიცავდა ეკონომიკურ და პოლიტიკურს, მეორე კი, სექტორული ხასიათის იყო. 

"საქართველომ ვადაზე ადრე მოახერხა კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის დაბრუნება. 2 მაისს პირველი, ხოლო 10 მაისს კითხვარის მეორე ნაწილი გადაეცა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.