საზოგადოება
12/07/2022

IDFI ხელისუფლებას მოუწოდებს, კორუფციასთან ბრძოლას მეტი ყურადღება დაუთმოს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი OECD-ს მიერ საქართველოს ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პილოტურ ანგარიშს მიმოიხილავს. 

პილოტური მონიტორინგი მოიცავდა ანტიკორუფციული აქტივობების 13 სექტორულ მიმართულებას: 

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა;
  • ინტერესთა კონფლიქტი;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარმოება;
  • მამხილებელთა დაცვა;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა;
  • პროკურატურის დამოუკიდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერება;
  • ბიზნესის კეთილსინდისიერება;
  • კორუფციული დანაშაულების მიმართ კანონმდებლობის აღსრულება;
  • იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა;
  • კორუფციული შემოსავლის აღდგენა და მართვა;
  • მაღალი დონის კორუფციის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • სპეციალიზებული ანტიკორუფციული საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები.

"მართალია, ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას თითოეულ სექტორულ მიმართულებაზე ქვეყნის მიერ მიღებული ქულებისა და ინდიკატორების შესრულების რეიტინგების შესახებ, თუმცა, ანგარიშის აღწერილობით ნაწილზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ დასახელებული ცამეტი მიმართულებიდან თითქმის ყველა საქართველოს მიერ შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება", - აცხადებენ IDFI-ში. 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ანგარიში გამოკვეთს ხარვეზებს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოების მიმართულებით.

"ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო ანტიკორუფციული სტრატეგია პირდაპირ არ გამოკვეთს მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯებს და მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები პირდაპირ არ არის აღიარებული, თუმცა, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში ხაზგასმულია აღნიშნულის საჭიროება. მონიტორინგის გუნდის შეფასებით სათანადოდ არ ხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოვლენა და გამოძიება. ამასთან, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრისას არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების შესაბამისი სტატისტიკა. IDFI უკვე წლებია საუბრობს მაღალი დონის კორუფციის პრევენციისთვის სათანადო ზომების მიღების აუცილებლობაზე. ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში დახმარების მიზნით 2021 წლის დასაწყისში ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ სამდივნოს თავისი რეკომენდაციები წარუდგინა. IDFI-მ მოუწოდა სამდივნოს, განეხორციელებინა სიღრმისეული სიტუაციური ანალიზი კორუფციასთან, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებში აესახა ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა.  სამწუხაროდ, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომელსაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განესაზღვრა, 2022 წლის მესამე კვარტალში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. ახალი სტრატეგიული დოკუმენტების დაგვიანებით შემუშავების ტენდენცია ანგარიშის ფარგლებში ნეგატიურად არის შეფასებული, მონიტორინგის გუნდის თანახმად, მსგავსი პრაქტიკა გავლენას ახდენს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობაზე. ნიშანდობლივია, რომ მეოთხე რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში OECD საუბრობდა ანტიკორუფციული პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს გაძლიერების საჭიროებაზე და რეკომენდაციას აძლევდა საქართველოს,  სათანადო რესურსით აღეჭურვა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო. ნაცვლად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო არც კი შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო კი მხოლოდ ფორმალურად არსებობს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირება. 

IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, აღიაროს ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელთა დაძლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმების განხორციელებისათვის, განაახლოს ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება და მეტი ყურადღება დაუთმოს კორუფციასთან ბრძოლას.