ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში მომავალი წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.
ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე.
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
„თავმდაბლურად ვამაყობ ქართველი ხალხის სახელით აქ ყოფნით და ამ ისტორიული აკადემიური პარტნიორობის დაწყებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული - „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია", რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.