საზოგადოება
10/03/2022

"გვეშინია უარესი სცენარის" - UNICEF-ი უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვაზე განცხადებას ავრცელებს

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ რასელი უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

”შეძრული ვარ დღეს გავრცელებული ცნობით თავდასხმის შესახებ მარიუპოლში, უკრაინაში, სამშობიარო კლინიკაზე – თავდასხმის, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მცირეწლოვანი ბავშვები და მშობიარე ქალები მოყვნენ. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ გვეშინია უარესი სცენარის.

ეს თავდასხმა, თუ დადასტურდა, ხაზს უსვამს იმ საზარელ ზიანს, რომელსაც ეს ომი უკრაინის ბავშვებსა და ოჯახებს აყენებს. ორ კვირაზე ნაკლებ დროში სულ მცირე 37 ბავშვი დაიღუპა და 50 დაშავდა, ხოლო 1 მილიონზე მეტი ბავშვი გაიქცა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში.

თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – საავადმყოფოების, წყლისა და სანიტარული სისტემების და სკოლების ჩათვლით – ყოვლად მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. იუნისეფი კიდევ ერთხელ ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაკისრებულ ვალდებულებებს, დაიცვან ბავშვები ზიანისგან და უზრუნველყონ, რომ ჰუმანიტარული დახმარება უსაფრთხოდ და სწრაფად დაუკავშირდეს ბავშვებს, რომელთაც ის სჭირდებათ.

უკრაინის ბავშვებს უკიდურესად სჭირდებათ მშვიდობა,“ – წერს რასელი.