საზოგადოება
08/07/2021

გურჯაანის შემოვლითი გზა გაიხსნა - მგზავრობის დრო განახევრდა

ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. 

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და 38 მლნ ლარი დაიხარჯა.

გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტას გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან.

ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.