საზოგადოება
24/12/2020

გურამ საღარაძე: "რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ ორიენტირებული იქნება მეწარმეობის ხელშეწყობაზე

„ნამახვანის“ ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია - „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა. რა მიზნებს ემსახურება ასოციაცია, ვინ იქნებიან მისი ბენეფიციარები და რა ფორმით მოხდება ადგილობრივი ბიზნესის დახმარება, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ENKA-ს თემის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გურამ საღარაძე ესაუბრა.

რა მიზნით შეიქმნა „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“?

- ასოციაციის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გვქონდა. ასოციაციის მიზანია რიონის ხეობის მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, ასოციაცია ორიენტირებული იქნება მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაზე, განსაკუთრებული აქცენტი აგროტურისტული მეურნეობების, მეფუტკრეობის და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე გაკეთდება, რადგან სწორედ ეს დარგებია წამყვანი რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასოციაცია ვიწრო ჯგუფისთვის არაა შემქნილი და ვაპირებთ, რომ მთლიანად რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის მასშტაბით ვიმუშაოთ.

კონკრეტულად რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობასროგორ დაეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს?

- სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ნაწილში ხელს შევუწყობთ როგორც პირველად წარმოებას, ასევე სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. მოგეხსენებათ, სოფლებში არ არის განვითარებული გადამამუშავებელი წარმოება და დაბალია ხელმისაწვდომობა მანქანა დანადგარებზე, ღვინის წარმოების ნაცვლად აქცენტი კეთდება ყურძნის ნედლეულის გაყიდვაზე, ასევე ღვინის რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში ხდება ჩამოსასხმელი სახით და მეღვინეებს არ აქვთ ელემენტარული საშუალებები, რითიც შეძლებდენ ბოთლირებული ღვინის წარმოებას. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას ოჯახური მეურნეობების წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ შემოსავალს და ხელს შეუწყობს სოფლად მოსახლეობის დამაგრებას. მათ შორის არ გამოვრიცხავთ, რომ რესურსების მაქსიმალური მობილიზაციის მიზნით ჩამოყალიბდეს მცირე კოოპერატივები. ასოციაციის ჩამოყალიბებამდეც აქტიურად ვეხმარებოდით ადგილობრივებს სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის საგრანტო პროექტებში მონაწილეობაში. ამასთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხეობის ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ, რომ თავად ასოციაციამ განახორციელოს მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამები.

რამდენად მაღალია ადგილობრივების დაინტერესება ასოციაციის მიმართ?

- ასოციაცია ახალი შექმნილია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს იმედის თვალით და ელოდება, თუ რა აქტივობები იქნება. უკვე შევძელით და სარეალიზაციო ბაზარი მოვიპოვეთ თაფლთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დადასტურებული შეკვეთა გვაქვს 4 ტონა თაფლის ექსპორტზე ყაზახეთში, რაც უპრეცედენტო ფაქტია არა მარტო ხეობისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი გადადგმული ნაბიჯები გზას უხსნის სხვა მეწარმეებს. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და უკვე საუბარია, რომ ჩინეთის ბაზარზეც შესაძლოა მოხდეს თაფლის და ღვინის შეტანა. სოფლის მეურნეობის სხადასხვა დარგის, მათ შორის მეფუტკრეობის მიმართულებებით მოწინავე პროფესიონალები გვყავდა ჩაყვანილი ხეობაში და მათი დახმარებით ვცდილობთ გავზარდოთ ცნობიერება.

აქვე მინდა გამოვეხმაურო სამწუხარო დეზინფორმაციას, რაც ვრცელდება იმის შესახებ, თითქოს კომპანია ადგილობრივებისგან თაფლის შეძენით მათ მოსყიდვას ცდილობს, რაც ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივებთან კომპანიის თანამშრომლობა მათივე სურვილის საფუძველზე ხდება და ამ თანამშრომლობის რეალურ შედეგს ყველა დაინახავს.

ასოციაცია „ენკას“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნარამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება კომპანიისთვის?

- როდესაც პროექტს პასუხისმგებლიანი კომპანია ახორციელებს, ის ზრუნავს ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს, ესაა მთავარი მიზანი. „ენკა“ არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და უამრავ სოციალურ პროექტს ახორციელებს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა „ენკას“ პოლიტიკის ნაწილია და ეს ასეა საქართველოშიც.

 

ipn.ge