გიორგი გახარია: ვისაც უნდა, საქმის კეთებას ყოველთვის შეძლებს
ვისაც საქმის კეთება უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რაშიც ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს, ყოველგვარი წუწუნის და ვიღაცაზე გადაბრალების გარეშე, - თქვა პრემიერმა ფერმერებთან შეხვედრისას და ამის მაგალითად, თავად ფერმერები მოიყვანა.
„ბოლო დღეებში იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში ჯანიანი ბიჭების, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვები, მოგვეხმარეთ... რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი და ღირსება ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი (ფერმერი ნიქოზიდან)“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანას რთულ პერიოდში უხდება ცხოვრება, სადაც ასევე რთულია აუხსნა ადამიანებს, რომ პანდემია „ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე არ არის“. ამასთან, მისი თქმით, დაწესებული წესების დაცვით მეტი შესაძლებლობა იქნება ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა სწრაფად გამოცოცხლდეს.
„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის შესაძლებელობაც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემა, ზოგან ცოდნის პრობლემა, მაგრამ აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გახარიამ.
მან სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე და გამოყოფილ 300 მილიოზეც ისაუბრა, თქვა, რომ ეს შესაძლოა ცოტაა, მაგრამ დღეს მთავრობის ამოცანაა შეზღუდული რესურსები ეფექტიანად გადაანაწილოს.