გიორგი ფანგანი პარლამენტმა სემეკ-ის წევრად მეორე ვადით აირჩია
სემეკ-ის წევრის პოზიციაზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია.
იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს.
როგორც სემეკი აცხადებს, სემეკის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრი აირჩია რეგლამენტით დადგენილი წესით.
გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია, აქვს სემეკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში სემეკში გიორგი ფანგანს ეკავა სხვადასხვა პოზიციები, ხოლო 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა იგი ხმათა უმრავლესობით სემეკის წევრად, პირველი ვადით აირჩია.
გიორგი ფანგანი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან.