საზოგადოება
11/03/2021

გიორგი ბუნტური: გერმანიიდან სეზონურ სამუშაოებზე ათასობით ვაკანსიას ველოდებით

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქართული მხარე გერმანელი დამსაქმებლებისგან ვაკანსიების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. 

„ბიზნესპარტნიორთან“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ გერმანული მხარისგან დაინტერესება დიდია.

ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე გერმანელ დამსაქმებლებს 300-მდე ვაკანსია აქვთ, გამგზავრების სურვილი კი საქართველოს 96 000-მდე მოქალაქემ გამოთქვა.

„ვაკანსიების რაოდენობის მსურველების რაოდენობასთან გათანაბრება გამორიცხულია. ეს მხოლოდ გერმანიასთან მიმართებით არ არის. საქართველოშიც მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი. რაც შეეხება მიღებულ ვაკანსიებს, შეთანხმების მიხედვით რაოდენობაზე კონკრეტული შეზღუდვა არ გვაქვს. ეს პროცესი გაგრძელდება და ვაკანსიების ოდენობაც გაიზრდება, ათასებს გაუტოლდება. კონკრეტულ რიცხვს ნამდვილად ვერ დავასახელებ. გერმანული მხარე გვარწმუნებს, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. სამუშაო სეზონის დაწყებიდან, ანუ აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ძალიან ბევრ ვაკანსიას ველოდებით. გარანტიას ვიძლევით, რომ ეს ათასები იქნება“,- აღნიშნავს გიორგი ბუნტური.