საზოგადოება
07/06/2023

გიორგი ამილახვარი: დღეს ქვეყანას ამდენი იურისტი არ სჭირდება

"დღეს ქვეყანას ამდენი იურისტი არ სჭირდება,"- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის ამ პროფესიას არაფერს ერჩის და ეს მაგალითი იმიტომ მოიყვანა, რომ თავადაა ამ პროფესიის წარმომადგენელი. მინისტრის თქმით, უმაღლესმა სასწავლებლებმა ორიენტაცია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უნდა აიღონ.

„როგორც უნივერსიტეტებმა, ისევე მათმა ხელმძღვანელებმა, ფაკულტეტებმა, პროფესორებმა და ზოგადად უმაღლესმა განათლებამ უნდა დავიწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე შეხედვა. ძალიან რთულია თქვა, რომელია პრიორიტეტული მიმართულება - „სტემ“-მიმართულება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა... ეს ის დარგებია, რომლებიც ქმნის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს. ამაზე უნდა დავიწყოთ გადაწყობა და პროგრამებში პირდაპირ უნdა იყოს დაინტეგრირებული შრომის ბაზრის მოთხოვნები. სხვანაირად გამოგვივა ისე, რომ განათლების სისტემა ვერ უპასუხებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც არაა სწორი,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება უნივერსიტეტებისთვის დამხმარე მექანიზმების შეთავაზება ამ მიმართულებების განსავითარებლად.

ამასთან, გიორგი ამილახვარის თქმით, არსებობს პროგრამები, რომელთა სფეროებშიც არაა დასაქმების მაღალი დონე, მაგრამ მათი არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ არავინ ფიქრობს მათ გაუქმებაზე.

მინისტრის განმარტებით, ესაა ქართველოლოგიური მიმართულებები, ფილოსოფია და ა.შ., რომელთა დაფინანსების პროგრამები დიდი ხანია არსებობს და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებები შეიცვლება. 

განათლების მინისტრის განცხადებით, უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს დაფინანსების მოდელის ცვლილებას, რაც რეფორმის ღერძია. კერძოდ, მისი თქმით, დღეს თუ უნივერსიტეტების  დაფინანსების მთავარი არხი არის სტუდენტების გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები და ყველა სასწავლებელი მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიზიდოს, ახლა მიდის საუბრაი იმაზე, რომ მათ განესაზღვროთ საბაზო დაფინანსება, რათა მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. შედეგად, რაოდენობრივი მაჩვენებლიდან ხარისხობრივ მაჩვენებელზე გადავალთ.

მინისტრის თქმით, ამ მოდელის შექმნას სავარაუდოდ ერთი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც მისი პილოტირება დაიწყება.

“ეს გამოიწვევს პრიორიტეტების გადახედვასაც. ასევე დააფინანსებს იმ პროფესიებს, რომლებიც ფეხს უწყობს ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების მსოფლიო ბაზარი გაიხსნა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, დაიწყო განათლების ინტერნაციონალიზაცია.  ცივილიზებული სამყაროს განათლების სექტორი ისეა გადაჯაჭვული და ისე მიდის ტენდენცია, რომ მხოლოდ ლოკალური, საქართველოს მასშტაბით არსებული პროგრამებით  წინ ვერ წავალთ.

„ამიტომ ჩვენი ინიციატივით სამინისტრო შესთავაზებს წამახალისებელ მექანიზმებს, მათ შორის ფინანსურს, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება შემოვიტანოთ საქართველოში. მთავარი ორიენტირია ევროპა და აშშ, რათა უნივერტსიტეტებმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად შექმნან ერთობილივი ორმაგი დიპლომის პროგრამები.

მეორე-ვმუშაობთ, რომ მეტი უნივერსიტეტი შემოვიყვანოთ, გავხსნათ მათი ფილიალები საქართველოში. თუ არ შემოვიტანთ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას, მხოილოდ ლოკალური უმაღლესი განათლებით ფეხს ვერ ავუწყობთ მსოფლიო განვითარებას, რომელიც უმაღლეს განათლებაში მიდის,“  - განაცხადა გიორგი ამილახვარმა და აღნიშნა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები დისნტანციური სწავლების კუთხით, რათა ეს ბაზარიც გაიხსნას.

Businesspartner