ღოღობერიძე: მთავრობა დამიდგეს გვერდით და იქნება აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300%-ით ძვირად
მთავრობა გვერდით და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად, - ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსა და პრემიერის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ექიმი რეზიდენტი წერს, თავის მიზანს ის მაინც მიაღწევს, თუმცა ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება მთავრობის დახმარების გარეშე.
"პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.
აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა; დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ. მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.
სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.
მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომისთ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება", - წერს გიორგი ღოღობერიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მთავრობამ არსებული სიტუაცია კარგად უნდა შეისწავლოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
პრემიერმა ასევე განმარტა, რომ საკითხს კონკურენციის სააგენტო სწვალობს და მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს მალე წარადგენს.