გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღარ ფიქსირდება
უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები ამ ეტაპზე აღარ ფიქსირდება, გერმანიის დასაქმების სააგენტომ კი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლებისა და მათი ვაკანსიების რეგისტრაცია შეწყვიტა.
ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე, დასაქმებულთა უფლებების დაღვევის ფაქტი დაფიქსირდა, რაც მოგვიანებით, სასამართლოსა და გერმანიის დასაქმების სააგენტოს ჩარევის შედეგად, დარეგულირდა.
საუბარია 2021 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როცა გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ, საქართველოს 18 მოქალაქეს ადგილზე არ დახვდათ ის შრომითი პირობები და ანაზღაურება, რომლებიც ხელშეკრულებაში იყო გაწერილი.
„ეს იყო ახალი პროცესი და გერმანიისთვის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაცაც მსგავსი ტიპის შეთანხმება მოხდა. ორივე მხარე სწავლობდა ამ საკითხს. რადგან ისინი ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები, მათ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა გერმანულ სასამართლოზე და გერმანულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა დამსაქმებელს, აუნაზღაუროს როგორც აუნაზღაურებელი თანხა, ისე განაცდური და გერმანიის დასაქმების სააგენტომ მყისიერად შესთავაზა დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები იქ ჩასულ ქართველებს. ესაა განსხვავება ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას შორის,“ - განმარტა ბარკალაიამ.
მისი თქმით, მომხდარის შემდეგ გერმანიის დასაქმების სააგენტომ შეწყვიტა არაეთიკური დამსაქმებლისა და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რეგისტრირება, შესაბამისად, ასეთი ვაკანსიების შეთავაზებაც შეწყდა და საქართველოს მოქალაქეები ამ კუთხით კიდევ მეტად დაცულები არიან.
„ესაა გამოწვევა, რომელზეც ისწავლა ორივე მხარემ. გერმანიამ დახვეწა შიდა მექანიზმები, მაგრამ ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ არის მექანიზმები სასამართლოს და დასაქმების სააგენტოს სახით. ეს ყველაფერი გაიმართა და მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ ფიქსირდება,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი.
პარტნიორობის შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოეწერა ხელი. პროგრამის პრაქტიკული განხორციელება კი 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო.
2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს 1 231 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებში.