გერმანელი გეოლოგი: მაჭავარიანის ქუჩაზე უნდა განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და მონიტორინგი
გერმანელი სპეციალისტი, რომელიც მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ვაშლიჯვრის ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშორებულ კვლევებში ჩაერთო აცხადებს, რომ პროცესს დაკვირვება სჭირდება.
როგორც პეტერ ნიუმანმა განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ პროცესები კომპლექსურია და პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი კონკრეტული გზა არ იარსებებს.
„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა.
მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, განვაგრძოთ გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.
„საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მერიაში ბრიფინგი გაიმართა. დეტალები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მიმოიხილა.
მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლეში, უკვე არსებულ ზომებს გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემების დამონტაჟებაც დაემატება, უხვი ნალექის პირობებში კი მშენებარე გზის მოწყობითი სამუშაოები გარკვეული ვადით შეჩერდა.