საზოგადოება
27/04/2021

გარემოსდაცვითი რეგულაციები აღარ გადავადდება - ბიზნესისთვის ახალი წესები ივნისიდან ამოქმედდება

მთავრობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების გადავადებას არ განიხილავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მტკიცებით, რეგულაცია დათქმულ დროს პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

„რთული საკითხია, თუმცა არცერთი მნიშვნელოვანი, მსხვილი რეფორმა ერთ დღეში არ დანერგილა. ჩვენ გვესმის ბიზნესის და ამიტომ ყოველდღიურად გვაქვს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები მეწარმეებთან. წინა კვირასაც გვქონდა შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან მათ შორის ამ საკითხზე. ჩვენი სპეციალისტები, თანამშრომლები ბიზნესთან მართავენ შეხვედრებს, რომ მათ კონკრეტული პარამეტრებისა და ტექნიკური გადაწყვეტის გზებში დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ამას რაღაც დრო დასჭირდება, მაგრამ ბიზნესს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს პროცესი მარტივად, ერთად გავიაროთ. აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება ყველა კომპანიას. ზოგმა უკვე დაიჭირა თადარიგი და უკვე გაკეთებული აქვთ შეკვეთები ახალი სისტემების დასანერგად,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

მიუხედავად მკაცრი პოზიციისა ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ შესაბამის უწყებებს რეგულაციის ამოქმედების შემდეგაც მოუწევთ მეწარმეებთან აქტიური კომუნიკაცია. მინისტრის თქმით, პირველივე ეტაპზე სანქციების გამოყენება არ მოხდება და შესაბამისი სტრუქტურები მწარმოებლებს ყველა საჭირო საკითხში დახმარებას გაუწევენ.

შეგახსენებთ, ბიზნეს სექტორი ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის გადავადებას ითხოვს.

Businesspartner