საზოგადოება
28/12/2021

გაძვირებული საახალწლო სუფრა - ISET-მა ინდექსი გამოაქვეყნა

წელს საახალწლო სამზადისი უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე წინა წლებში. ISET-ის კალკულაციის მიხედვით, საახალწლო სუფრა საშუალოდ 183 ლარია და 2020 წელთან შედარებით 8.3%-ით არის გაძვირებული.

ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები გაზრდილია ყველა რეგიონში გაიზარდა. სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთშია, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარია, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. როგორც ISET აღნიშნავს, ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში იყო.

2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შერადებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).

ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვა და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ. ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.

ISET-ი აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს. ასეთი მაღალი ინფლაცია 2011 წლის სურსათის ფასების კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, ნოემბერში, წლიურ ჭრილში, ფასები 27.3%-ით გაიზარდა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოში წლიური ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე. თუმცა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადგილობრივ ფასებზე. 2021 წლის დეკემბერში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.10 იყო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2020 წლის დეკემბერთან შედარებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქტების ფასები დაბალია. თუ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, საერთაშორისო ფასების ზრდა შეიძლება ადგილობრივ ფასებზე არ აისახოს.