საზოგადოება
14/07/2021

"From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ – ProductTank Tbilisi ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და ProductTank Tbilisi -ის თანამშრომლობით ღონისძიება „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართა. ღონისძიებამ უმასპინძლა სამ ქართულ სტარტაპს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა გაიარეს. ეს სტარტაპებია:

CARGON -  ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გამგზავნი და გადამზიდი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას მარტივი, სტანდარტიზირებული და გამჭვირვალე გადაზიდვის პროცესების წასამართად ოპტიმალურ დროში, მისაღებ ფასად და მაღალი ხარისხით.

PAYZE -  სივრცე  ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.

STACK - ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა.

აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სტარტაპებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, შეხვედრის მოდერატორი გახლდათ VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გოგოჭური.