ფოთში თანამედროვე სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 14,5 მლნ დაიხარჯება
ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი აშენდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ახორციელებს. ბიუჯეტი 14.5 მილიონი ლარია.
პროექტი დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებს. მოეწყობა კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები. აშენდება სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე. სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად, საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
ახალ სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა სპორტული ტურნირების, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გამართვა იქნება შესაძლებელი.