საზოგადოება
05/11/2021

"ფაქტია, საპენსიო საკითხების გააქტიურება პოპულისტური და წინასაარჩევნო პერიოდზე იყო გათვლილი"

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე „ბანკები და ფინანსებთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად რთული პოლიტიკური მოცემულობისა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ეკონომიკური და სოციალური საკითხების აქტუალიზაცია.

მისი ინფორმაციით, საპენსიო მომსახურება არის ყველაზე აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პენსიონერების დიდი არმიაა.

“ეს არიან ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენას შეადგენენ. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის საკითხები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული საპენსიო მომსახურებასთან ობიექტური მსჯელობის საგანი გახდეს”, – ამბობს ცუცქირიძე.

კითხვაზე, ხომ არ თვლით, რომ საკითხი არჩევნების შემდეგ თითქოს გაიყინა და ახლა არის თუ არა იმის დრო, რომ საკითხმა აქტუალობა შეიძინოს, ცუცქირიძე განმარტავს, რომ ეს თემა აქტუალური იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ თემის აქტუალიზება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ სარჩულს ატარებდა.

მისივე თქმით, საკითხი  წამოჭრა პარტია „მოქალაქეებმა“  და გააგრძელა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, თუმცა, სამწუხაროდ ეს თემები, რომლებიც მათ მიერ იქნა გაჟღერებული და წამოწეული, არ გამოირჩეოდა ობიექტურობით ან პრობლემის რეალური გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„ეს იყო პოპულისტური, წინასაარჩევნო პერიოდზე გათვლილი. ამიტომაც არის, რომ ახლა აბსოლუტური სიჩუმეა. ანუ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდისთვის, რომ მოსახლეობის, ამ შემთხვევაში კი პენსიონერების გული მოეგოთ. ეს იმიტომ გაააქტიურეს, რომ მათ სჭირდებოდათ პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

რაც შეეხება  ზოგადად ამ თემას, ჩვენ ხომ მათი დღის წესრიგით ვერ ვივლით? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ პრობლემა არც საპენსიო მომსახურებაში და არც კითხვები არსებობდეს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თემა ფართო დისკუსიის საგანი უნდა იყოს. მისი განხილვა სხვა კუთხით უნდა მოხდეს. კერძოდ, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ რეალურად რა მოცემულობა გვაქვს,“ – აცხადებს ცუცქირიძე.