ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად წარმოადგინა დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი სუბიექტებით და კონკრეტული ვადებით.
პირველი პუნქტი ეხება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას.
"პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
მეორე პუნქტი - სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 21 სექტემბერს და მიიღება არაუგვიანეს 1 ნოემბერს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დეპუტატები, ყველა საპარლამენტო პარტიიდან, ასევე ცესკო-ს, აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. კანონპროექტი პარლამენტს არაუგვიანეს 21 სექტემბერს წარედგინება, პარლამენტი მიიღებს არაუგვიანეს 13 დეკემბერს.
მესამე პუნქტი- სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს. სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და პარლამენტს წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი ინიცირებისთანავე დაკსვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს. განხილვა დასკვნების მიღებისთანავე დაიწყება.
კონსტიტუციური კანონის პროექტი, გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ, პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბერს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არაუგვიანეს 30 სექტემბერს, ხოლო კენჭისყრა ჩატარდება არაუგვიანეს 15 ნოემბერს.
მეოთხე პუნქტი- ანტიკორუფციული ღონისძიებები.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით,პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან საპარლამენტო პარტიის წევრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 19 ოქტომბერს, პარლამენტი მიღებს 1 დეკემბრამდე.
მეხუთე პუნქტი- დეოლიგარქიზაცია.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საპარლამენტო ყველა პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება, არაუგვიანეს 5 ოქტომბერს და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბერს.
მეექვსე პუნქტი- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, ასევე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს , შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი პირველ ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე.
მეშვიდე-მერვე პუნქტები - სათანადო მედია გარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას, ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ.
მეცხრე პუნქტი - გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს არაუგვიანეს 5 ოქტომბერს წარედგინება, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 15 ნოემბერს.
მეათე პუნქტი- გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას.
მეთერთმეტე პუნქტი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიური გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ.
პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანოპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს არაუგვიანეს 18 ოქტომბერს.
მეთორმეტე პუნქტი- სახალხო დამცველის არჩევა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის. კენჭისყრა, სახალხო დამცველის ასარჩევად, შედგება არაუგვიანეს 1 დეკემბერს.