საზოგადოება
19/11/2021

"ესაუბრე ბუნებას" - "აგრო სოლუშენსი" GIZ-ის და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

ორგანიზაცია „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს - “ესაუბრე ბუნებას - Talk to Nature ” ახორციელებს.

„ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის, „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია, რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“  (ECOserve) ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის გახსნითი ღონისძიება შაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება.

მოდი, დაასკანერე და იფიქრე! - ამ დევიზით, მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები განთავსდება. QR კოდების მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ: კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ნარჩენების გადამუშავების საკითხები, როგორ გამოვიყენოთ ალტერნატიული ენერგორესურსები და მივაღწიოთ ენერგოეფექტურობას.