საზოგადოება
09/09/2021

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ 1 წლისაა

ზუსტად ერთი წელია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge მომხმარებლებს ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სანდო, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის.

ფინედუს შექმნით, ერთიან სივრცეში მოექცა, სხვადასხვა დროს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით შექმნილი, ფინანსური განათლებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის - სახელმძღვანელოები, ბროშურები, ვიდეორგოლები, ბლოგები, ფინანსური კალკულატორები - ყველაფერი ის, რაც თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს პირადი და საოჯახო ფინანსების მართვასა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარება.

პანდემიის პირობებში დისტანციურად ჩატარდა ფინანსური განათლების ღონისძიებები, მათ შორის: ყოველწლიური ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ვებინარები, კონკურსები. საფუძველი ჩაეყარა 2 ახალ ტრადიციას - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ჯამში, ფინედუს პროექტებში 20-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჩაერთო, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 50-მდე ღონისძიების უშუალო მონაწილეების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. ფინედუს საგანმანათლებლო მასალები კი 500-ზე მეტმა ადამიანმა  მიიღო.

დღეისთვის, www.finedu.gov.ge-ს 60 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. გარდა ამისა, ფინედუ ფეისბუქზე, ინსტრაგრამზე, ლინკდინსა და იუთუბზეც არის წარმოდგენილი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აწვდენს ხმას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ბავშვებს, ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და მეწარმეებს.

"ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ ერთი წლის განმავლობაში ფინედუმ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ფინანსური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ვიმედოვნებ, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ფინედუსთან ერთად კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია შეიტანს თავის წვლილს ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში, რადგან გვესმის, რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ბევრი მონაწილე, დრო და შრომა სჭირდება. ვულოცავ ფინედუს 1 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.