საზოგადოება
20/07/2021

ეროვნული ბანკი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ.

დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა შეუძლიათ 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

კონკურსი, ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, სს "კრედო ბანკის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტისა" და სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება.

კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს/იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორებსაც, პარტნიორი ორგანიზაციებისგან, ფულადი პრიზები გადაეცემათ.

"ახალგაზრდების ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. წელს პირველად ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ვუერთდებით და ვაცხადებთ ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფინანსური განათლების საკითხებზე დაფიქრება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, ხოლო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები კი ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.