საზოგადოება
30/09/2021

"ექსპო 2020 დუბაიზე" საქართველოს პავილიონი გახსნეს

"ექსპო 2020 დუბაიზე" საქართელოს პავილიონი გახსნეს, სადაც წარმოდგენილია 4 თემატური მიმართულება - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ბიზნესგარემო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, "ექსპო 2020 დუბაი" უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით. 

"ჩვენ წარმოვაჩენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ხელმისწავდომობის თვალსაზრისით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ქართულ პავილიონში ასევე გაიმართება მთელი რიგი თემატური ღონისძიებები, 29 დეკემბერს კი ჩატარდება საქართველოს ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კულტრის, მათ შორის ფოლკლორის, ცეკვის, თანამედროვე მიმართულებების საუკეთესო ნიმუშები. ასევე გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება, მათ შორის ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე.

„ქართული პავილიონი და ექსპოს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უნიკალურ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და გააცნობს მას მთელ მსოფლიოსა და ექსპო 2020 დუბაის მილიონობით ვიზიტორს. ვფიქრობ, საქართველო საუკეთესოდ პასუხობს ექსპო 2020-ს მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.