საზოგადოება
05/11/2021
ეკატერინე ტიკარაძე: "მწვანე ბარათის" ამოქმედება მნიშვნელოვანია
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "მწვანე ბარათის" ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
"მწვანე ბარათის" და ვაქცინაცის პროგრამის გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრაზე განიხილეს .
"აშშ-ს ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდ პანდემიის მართვის სასარგებლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტის ამოქმედება, ვინაიდან 40 000-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი გადაადგილება გაკონტროლდეს. ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ხელს შეუშლის ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში "მწვანე ბარათის" ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება. კონცეფცია უკვე შემუშავებულია.