საზოგადოება
25/03/2021

Edupay - ქართული სტარტაპი სწავლის საფასურის გადახდის თანამედროვე პროგრამას ქმნის

ქართველი სტარტაპერები სწავლის საფასურის გადახდის ავტომატიზაციის პროგრამის შექმნაზე მუშაობენ. Edupay ასე ჰქვია ციფრულ პლატფორმას, რომელიც უნივერსიტეტებს სკოლებსა და ტრენინგ ცენტრებს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური სისტემის მენეჯმენტში დაეხმარება.

„იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ ტრენინგ ცენტრებში მომხმარებლებისთვის სწავლის საფასური გადახდა და ორგანიზაციისთვის ჩარიცხვების მენეჯმენტი, აღრიცხვა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული პლატფორმა Edupay, რომელიც საწყის ეტაპზე ორგანიზაციებს სწავლის საფასურთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში დაეხმარება. Edupay საგანმანათლებლო ორგანიზაციებს სთავაზობს, რომ მომხმარებელს დისტანციურად, ონლაინ სისტემის გამოყენებით გაუფორმოს ხელშეკრულება და ასევე გაუგზავნოს სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ავტომატური sms შეხსენება, სადაც მომხმარებელი გაეცნობა გადასახდელ თანხასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და იქვე ექნება კომპანიის საბანკო რეკვიზიტები გადახდის განსახორციელებლად,“ - გიორგი ხაჩიძე Edupay-ს თანადამფუძნებელი.

სტარტაპის პროდუქტი სავარაუდოდ მაისიდან გაეშვება. პირველ ეტაპზე პლატფორმას მცირე ფუნქციონალი ექნება, ეტაპობრივად კი სტარტაპერები Edupay-ს სისტემაში ახალი სერვისების ჩაშენებას გეგმავენ.

„შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ edupay ყველა გადახდის არხში, მათ შორის მობილბანკებსა და ჩასარიცხ აპარატებში გამოჩნდეს, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებელს სწავლის საფასურის დაფარვას. ორგანიზაციას ასევე შეუძლია ნახოს მასზე მორგებული ფინანსური ანალიტიკა, თუ რამდენი აქვს ხარჯი ან შემოსავალი კურსების ჭრილში, რომელი კურსი უფრო მომგებიანია და ა.შ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის დეველოპმენტი და ბიზნეს მოდელის, საკომუნიკაციო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რაშიც დაგვეხმარება impact hub Tbilisi-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც სულ ახლახან მოვხვდით და მაისის ბოლოს ჩვენს პროდუქტს ინვესტორებსაც წარვუდგენთ დემო დღის ფარგლებში,“ - გიორგი ხაჩიძე Edupay-ს თანადამფუძნებელი.

 

Businesspartner