საზოგადოება
20/06/2021

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მესამე ეტაპი იწყება - რას ითვალისწინებს ₾8.04 მლნ-იანი პროექტი

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მესამე ეტაპი იწყება. ₾8.04 მლნ-იანი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების - ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 

პროექტი ითვალისიწნებს მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქანობიან სახურავებს, აღდგება ყველა ხის აივანი თუ შუშაბანდი, შესაბამისი ხის ელემენტებით. აღნიშნული დეტალების ნაწილი რესტავრირდება, ნაწილი - არსებულის ანალოგიით აღდგება. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება სახლების სარდაფებში ჩასასვლელ კიბეებს, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები; შეიცვლება გვიანდელი უსახური ეზოს ღობეები, ჭიშკრები; განათდება ქუჩები.

საპროექტო ზონაში მოქცეულია 41 შენობა-ნაგებობა, რომელიც დაყოფილია 97 დამოუკიდებელ ფართად. აქედან 6 ფართს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დანარჩენი 91 - კერძო მფლობელობაშია. სახელმწიფო საკუთრებაშია: ბიბლიოთეკა; ა.ი.პ. "დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“; დუშეთის კომისარიატი; 1 ფართი დაკავებულია კერძო პირის მიერ; 2 ფართი მიტოვებულია. რაც შეეხება 91 კერძო ფართს, მათგან 5 ფართი კომერციულია; 86 ფართი- გამოიყენება საცხოვრებლად;

უმეტესი შენობების ავარიული მდგომარეობის გამო, საჭირო გახდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დროებითი განსახლება.

სატენდერო განაცხადში გათვლილია კომპენსაციების განსახლების შემთხვევაში:

იურიდიული პირების შემთხვევაში თითოეული შენობის რეაბილიტაციას მაქსიმუმ 3 თვე დასჭირდება და განსახლების შემთხვევაში კომპენსაცია თვეში 550 ლარით განისაზღვრება, კომპენსაციის სახით ასევე გაიცემა ავეჯის ტრანსპორტირების ხარჯები 300 ლარით;

ზეგავლენის ქვეშ მოყოლილი დაქირავებული პირი წარმოადგენს ბიბლიოთეკის, უფასო სასადილოს და სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებს. პროექტის განხორციელების ეტაპზე ისინი მიიღებენ მათ კუთვნილ ხელფასს. შესაბამისად, დამატებითი კომპენსაცია აღნიშნულ პირებზე გათვალისწინებული არ არის;

მოწყვლად მოსახლეობაზე სხვა გაანგარიშება ვრცელდება, კერძოდ, პირები დახმარების სახით მიიღებენ 344.8 ლარი X 3 თვეზე, ჯამში 1035 ლარს და ა.შ.

პროექტის დასრულება 2022 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დუშეთის განახლების პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უკვე დაასრულა დუშეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შადრევნის, სანიაღვრეების, კანალიზაციის, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც და სხვა.

Businesspartner