დრონების მფლობელთათვის რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ გვერდზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა.
ონლაინ პლატფორმაზე შესაძლებელია 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია.
სააგენტოს ცნობით, ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ დაარეგისტრირონ კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი და გაიარონ „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის სავალდებულო დისტანციური პილოტების კომპეტენციის დამადასტურებელი ონლაინ ტესტირება.
უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. თუ სერიული წარმოების დრონის რეგისტრაციისას ვერ იპოვით თქვენთვის სასურველ მოდელს „მწარმოებლის“ ან „მოდელის“ ჩამონათვალში, შეავსეთ „თვითნაკეთი“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ფორმა.
აირჩიეთ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების სფეროები (ჰობი, ფოტოგრაფია, კომერცია, სოფლის მეურნეობა, სარბოლო და სხვა). უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია უფასოა.
ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ონლაინ თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის, მომხმარებელმა საჭიროა გადალახოს 75%-იანი ზღვარი. ონლაინ ტესტირების საგამოცდო საკითხები განსხვავდება ქვეკატეგორიების მიხედვით (A1 ხალხის თავზე ფრენა, A2 ფრენა ხალხის სიახლოვეს და A3 ფრენა ხალხისგან შორს). კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ონლაინ ტესტირება უფასოა.
ამავდროულად პლატფორმაზე შესაძლებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.
ახლო მომავალში, ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ რუკა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ.
შეგახსენებთ, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან, განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის. კერძოდ, აღნიშნული ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას. ახალი წესის ფარგლებში, დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტირების გავლა, რის შემდეგაც, მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას.