დეპუტატი: რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეკონომიკური მდგენელიც აქვს.
“ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, 5 ივლისისი მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება.
“ტურიზმის მნიშვნელობაზე დამატებით რამის თქმა ზედმეტად მიმაჩნია, საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70%-ზე მეტი უკავია. რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება, რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნეს კონტაქტებზე შეიძლება საუბარი თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა. ჩვენ, პირველ რიგში, პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს განცდა აღსდგეს და იყოს ქვეყანაში. მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს. ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალიან კარგია, რომ პარლამენტში მოვა შსს მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.