საზოგადოება
09/07/2021

დედობის შვებულების კომპენსაცია თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია - ISET

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლებაისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევებიროდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია

დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ მონაცემები და მათი შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინეს. ღონისძიება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს. ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებაც ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ. ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც, ძირითადად, ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრებად განიხილებიან.  საბოლოოდ, ეს გარემოებები სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები შევიდა, დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობა გაუმჯობესებას კვლავაც საჭიროებს. ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც – დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. შესაბამისად, მისი რატიფიცირება დასაქმებული დედებისა და მათი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 183-ე კონვენციის რატიფიცირებისა და კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციების მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს.