საზოგადოება
28/02/2022

დავით ზალკალიანი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: არ მინდა თბილისის დაბომბვა ვიხილო

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, როდესაც საუბარია საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიფრთხილეს იჩენს, რადგან მოსალოდნელ საფრთხეს თავიდან იცილებს. 

"სანქციები არის ის უწმვავესი ზომა, რომელსაც იყენებს მსოფლიო თანამეგობრობა. სანქციების მნიშვნელობა და დანიშნულება არის, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. საქართველო არასდროს უკან არ იხევს ძალიან მკაფიო, მკაცრი ზომებისგან და მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, საქართველო შეერთებულია სანქციებს ყირიმთან მიმართებაში. ეს სანქციები ყოველწლიურად გრძელდება და 2014 წლის შემდეგ ერთხელაც არ დაგვიხევია უკან, არ გვითქვამს უარი სანქციების გაგრძელებაზე. მაგრამ, როდესაც საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე, პრემიერმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს.

როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერ-მინისტრი, ეს მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობიდან მოდის, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს. რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტიები ვართ?! არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ. 

როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? აქვე დგანან (რუსეთის ჯარი), მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებაში. აქვე არიან. ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთელი საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ? ან როგორ აპირებენ? არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები თბილისის მიმართულებით, დედაქალაქის და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ვიხილო ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავებით აძევებნენ რუსეთიდან", - აცხადებს დავით ზალკალიანი.