საზოგადოება
17/12/2021

დავით სონღულაშვილი: აზარტული თამაშობების ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს

პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღების შედეგად გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესები, შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.

მისი თქმით, აზარტული თამაშობების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს საზოგადოებას, ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია, ამიტომ არის საჭირო ამ ეტაპზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება.

ცვლილება შედის "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში, რომელიც ითვალისწინებს აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას, ასევე მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს  დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტებას, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.