საზოგადოება
20/05/2021

DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით DataFest Online - ფესტივალი ქართველი სტარტაპებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება.

DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონებისა და გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.  

DataFest Online 2021 წლის 20 მაისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიება გააერთიანებს გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

21 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, AI Startup Expo-ს ფარგლებში, ფესტივალზე წარსდგებიან ქართველი სტარტაპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობენ.  

ინფორმაციისთვის, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაუზიარა საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ გამომსვლელებსა თუ ტრენერებს, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden - ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი. ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge.