დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობის მექანიზმები დამსაქმებლებთან“.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრის მიზანი საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სააგენტოსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო მექანიზმების შემუშავებაა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი იურატე იოდსნუკაიტე, სხვადასხვა სექტორის ბიზნეს ასოციაციები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოს (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები.
EU-ESCape - დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტის კოორდინატორმა მარიამ იობიძემ პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას და პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო. პროექტის მიზანია დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა - უმუშევრებისა და სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, ასევე მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მოქმედების არეალი ვრცელდება თბილისსა და საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა; იმერეთი; კახეთი; ქვემო-ქართლი; სამეგრელო და შიდა-ქართლი).
თავის მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, თუ რა პროგრამებს და სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე დროს ხაზი გაესვა სააგენტოს სერვისებს დამსაქმებლებისთვის, მათ შორის ახალ სერვისმოდელს რომელსაც სახელმწიფო კერძო კომპანიებს (დამსაქმებელს) სთავაზობს.
შეხვედრის მეორე ნაწილში, სააგენტოს დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სააგენტოს საკონსულტაციო კოლეგიური ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია, რომლის საქმიანობის მიზანი დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერა და კონსულტირება იქნება დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. მრჩეველთა საბჭო შექმნის საერთო პლატფორმას, რომელიც სააგენტოს მთავარ პარტნიორებს საშუალებას მისცემს ჩართული იყვნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო ღონისძიებების გაუჯობესებასა და განვითარებაში.