საზოგადოება
19/11/2021

დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია, შრომისუნარიანი მოწყვლად/მიზნობრივ ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე გააქტიურების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.

მემორანდუმი ითვალისწინებს სამიზნე რეგიონებში/რაიონში მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მათი შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისათვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის.

დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცით, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფთან პირველ ეტაპზე, თბილისის ყველა რაიონში ჩატარდება, შემდეგ კი ის რეგიონებშიც გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბარკალაია აცხადებს,სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, შესაბამისად დასაქმების სააგენტოს მხრიდან მათი დასაქმებაში მხარდაჭერა, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლებით, შესაბამისი უნარების შეძენითა და მხარდაჭერითი მექანიზმების ამუშავების გზით.

"ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სიღარიბიდან ამოსვლის სწორედ ერთადერთი გზა -დასაქმებაა. ამ მიმართულებით გავამყარებთ თანამშრომლობას ორ სააგენტოს შორის, რომ მაქსიმალურად დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს,“ - აცხადებს თამარ ბარკალაია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე განმარტავს, რომ ორ სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს.