საზოგადოება
09/04/2021

დაგვიანებული ტრანსფორმაცია - ქაღალდიდან ციფრულამდე

ბეჭდური მასალების ციფრული ტრანსფორმაცია - პროცესს, რომელიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა, ფეხს საქართველოც უწყობს. წიგნები, ისტორიული მასალები და დოკუმენტები, ფოტოები, პერიოდული გამოცემები თუ ხელნაწერები მცირე ჩამონათვალია იმ უზარმაზარი მასალისა, რომლის გაციფრულებაც დაგეგმილია, თუმცა პროცესი შრომატევადი და ძვირადღირებულია.

საქართველოში გაციფრულების პროცესი 2011-2012 წლებიდან იწყება და მასში თავისი წვლილი შეაქვს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს ზუსტად აღნიშნული პერიოდიდან ქმნის, თუმცა მიუხედავად თითქმის 10 წლიანი მუშაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მთლიანი ფონდის მიზერული ნაწილია გაციფრულებული.

ციფრული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის ნაწილია და ხშირ შემთხევევბში საკმარისი არ არის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. კერძო კომპანიებთან კოლაბორაცია ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს. საკომუნიკაციო ბიზნესთან თანამშრომლობით „ივერიელი“ უკვე მეორე პროექტს ახორციელებს. გაციფრულების საწყის ეტაპზე უზარმაზარი ფონდიდან სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ლიტერატურა შეირჩა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ღია წვდომის ფონდით სარგებლობისას ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია.

რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, გარდა იმ გამონაკლისებისა, როცა ავტორი ან საავტორო უფლების მფლობელი თავადაა თანახმა წიგნის ელექტრონული ვერსიის განთავსებაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა, კლასიკურ თუ თანამედროვე, ქართულ თუ უცხოურ მხატვრულ ნაწარმოებებს, როგორც წესი, არ აციფრულებს, ეს უფრო იმგვარი პლატფორმების პრეროგატივაა, როგორიცაა, მაგალითად „საბა“ - ელექტრონული წიგნების პორტალი, რომელმაც მომხმარებელთან ადაპტაციის შედარებით რთული პროცესი უკვე გაიარა, ამჟამად თანმშრომლობს ყველა ქართულ გამომცემლობასთან, თანამედროვე ავტორებთან და მისი წიგნების კატალოგი რაოდენობრივად თითქმის 6000 აღწევს. ელექტრონული წიგნების შეძენა მკითხველებს ბეჭდურზე 30-40%-ით იაფად შეუძლია.

მხატვრული ლიტერატურის გაციფრულების კიდევ ერთი გზა - არის აუდიოწიგნები, მხედველობის პრობლემის მქონე ან უბრალოდ, ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის წიგნების მოსმენის კულტურა, უფრო აქტიურად სულ რაღაც 2 წელია ინერგება. „გუდას წიგნებს“ პროფესიონალი მსახიობები ახმოვანებენ და როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ამ პლატფორმაზე ბიზნეს ლიტერატურაა.

საქართველო ამ ტრანსფორმაციის გზაზე ჯერ ისევ საწყის ეტაპზეა, თუმცა კვლევები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა დაინტერესება ციფრული ლიტერატურით წლიდან წლამდე მზარდია.

 

Businesspartner