COVID-ის ინდური შტამი, რომელიც ახალგაზრდებში ლეტალობით ხასიათდება, საქართველოში არ გამოვლენილა
ინდური შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ გამოვლენილა, - ამის შესახებ პორტალი jandacva.ge წერს.
"კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, ვირუსის „ტრადიციულ“ სახეობებთან შედარებით, 20-30 წლის ახალგაზრდებსაც დიდ რისკს უქმნის და დაბალი ასაკის მოქალაქეების კატეგორიაში მაღალ ლეტალობას იწვევს", - განაცადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ინდური შტამი ამ ეტაპზე საქართველოში არ ცირკულირებს და მისგან თავის დაცვის მიზნით ქვეყანამ ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის კარანტინის წესები გაამკაცრა – ისინი PCR-ტესტის მიუხედავად, 14-დღიან კარანტინს გადიან.
პაატა იმნაძის განცხადებითვე, ინდოეთში ამ ეტაპზე ორი ვაქცინა გამოიყენება – ერთი ინაქტივირებულ ვირუსზეა დაფუძნებული, მეორე კი ასტრაზენეკას ინდური წარმოების პრეპარატია.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, ორივე ვაქცინა ვირუსის ე.წ. ინდურ ვარიანტის წინააღმდეგ კარგად მუშაობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 4-5% -ია აცრილი, იმუნიზაციის დონე არაა საკმარისი, რომ ეპიდემია შეჩერდეს ისე, როგორც ეს ისრაელში მოხდა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე აცრილია, შედეგად ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა.
პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არც ე.წ. სამხრეთ აფრიკული და არც ბრაზილიური შტამები არ გამოვლენილა, ტრადიციულ ვირუსთან ერთად მხოლოდ ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც შემთხვევების 80% მოდის. პაატა იმნაძის განცხადებით, სწორედ ესაა იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ავად.