ბორჯომი ლიკანი: მოლოდინი პოზიტიურია, სასტუმროს დატვირთულობის ტენდენცია მზარდია
“ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი თვის ჭრილში 50%-ს აღემატება. როგორც ბრენდის განვითარების დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოლოდინი პოზიტიურია და მომდევნო თვეებში დატვირთულობის ზრდას 15%–ით ვარაუდობენ.
„აქამდე თუ მიმდინარე თვე იჯავშნებოდა, ახლა მომდევნო თვეების, მაისის, ივნისის ჯავშნებიც გვაქვს, რაც გამოწვეულია საზღვრების გახსნით. თუ არაფერი შეიცვალა, დატვირთულობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მესამე ტალღის საშიშრობა არსებობს და ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა.
ფასები "ბორჯომი ლიკანში" დინამიურია და მუდმივად იცვლება, მაგრამ პანდემიური მდგომარეობის გამო მოგვიწია მომსახურების ფასის შემცირება, შეთავაზებების შემუშავება, რადგან მოსახლეობა ფინანსურად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც პანდემიამდე. ვცდილობთ, ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მომსახურება, მათ შორის პოსტკოვიდურ პროგრამაზე,“ – აღნიშნავს, ქეთევან ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ქალაქ ბორჯომში, თბილისიდან 177 კმ–ს სავალზე, მინერალური წყლების და წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. სასტუმრო დამსვენებელს გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილიტაციო პროგრამები შექმნა.