საზოგადოება
10/08/2021

ბოკერიას ჰოსპიტალი თანამშრომელს ანტივაქსერული განცხადებების გამო სასამართლოში უჩივის

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა ყოფილ მედძმას სასამართლოში უჩივლა. მანამდე კი, როგორც jandacva.ge წერს, 28 ივლისს სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ვიდეომიმართვის გავრცელების გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ თანამშრომლის ატივაქსერული განცხადებები, რეპუტაციული ზიანის მომტანი და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

საკითხის შესწავლის მიზნით სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან, მათი შეფასებით, გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.

“ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უკვე წელიწადზე მეტია, კოვიდინფექციის მართვაშია ჩართული და მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად 24-საათიან რეჟიმში იბრძვის. ჰოსპიტალი, რომელიც პერსონალისა და პაციენტების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის მიზნით აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, ყველა ანტივაქსერულ კამპანიას კატეგორიულად ემიჯნება, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება”, — აცხადებენ ბოკერია სახელობის კლინიკაში.

მათივე თქმით, ამით დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება მოხდა და იმ კოლეგების ღირსება შეილახა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ.

“ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც ცრუ წარმოდგენა შექმნა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას წარმოადგენს”, — აღნიშნავენ კლინიკაში.

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი.

“ვაცნობიერებთ სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მივიჩნევთ, რომ მოსახლეობაში სანდოობას ვაქცინაციისადმი სწორედ მედპერსონალი ამაღლებს. ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად. აღსანიშნია, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % არ იყო აცრილი”, — ნათქვამია ბოკერიას სახელობის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.