BOGG-ის მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა.
თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდნენ.
გარდა ამისა, უცხოელი გამომცემლები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ, ხოლო ფესტივალის დამსწრეები „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის ქართული ლიტერატურის კვირეული და ათენის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა დაიგეგმა. ასევე, საქართველომ თესალონიკის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის სტატუსის შემოთავაზება მიიღო.
ქართველი მწერლებისა და სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, გვადალახარას წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის შეხვედრა გაიმართა. დამსწრეები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ. ამასთან, შეხვედრებზე როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.