საზოგადოება
18/05/2022

"ბიზნესისთვის ხელის შეშლის მცდელობაა" - განათლების კომიტეტმა თარჯიმნებზე პროექტს მხარი არ დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა "თარჯიმნების შესახებ" საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 

კომიტეტის აპარატში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადება ფუნდამენტურ ხარვეზებს შეიცავს. 

"კანონროექტის ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ თარჯიმნები თავმოყრილი არიან ერთიან ორგანიზაციაში - თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში.  დადგენილია თარჯიმანთა სერტიფიცირება და ლიცენზირება. ასევე შემოთავაზებულია თარჯიმანთა ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან. თუმცა, საკანონმდებლო წინადადებას ახლავს მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, განსაზღვრული არ არის სხვადასხვა სტატუსის მქონე თარჯიმანთა უფლებამოვალეობები და როგორია მათი ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან. მაგალითად, თარჯიმნის უფლებები და მოვალეობები განსხვავებული უნდა იყოს ნოტარიატში, სასამართლოში და პოლიციაში, ვინაიდან თარჯიმანი ასრულებს იქ სხვადასხვა ფუნქციებს. 

საკანონმდებლო წინადადებაში არსებობს ისეთი ნორმები, რომლის მიხედვითაც თუ თარჯიმანი არ გაწევრიანდება აღნიშნულ ორგანიზაციაში, ის ვერ მიიღებს შესაბამის სტატუსს, ვერ გაივლის გადამზადებას. გარდა ამისა, დამწყები თარჯიმანი საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში, რაც იწვევს გაუგებრობას და უკმაყოფილებას სხვა თარჯიმნების მხრიდან. თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია დღეს მოქმედებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და გაუგებარია მის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენება საკანონმდებლო დონეზე. გარდა ამისა, ასოციაციამ უნდა გადაწყვიტოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თარგმანზე ანაზღაურების განსაზღვრა, როგორც სინქრონულ, ისე წერით თარგმანზე. უნდა განსაზრროს მათთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხები. ამასთან, გაუგებარია ვინ უნდა განსაზროს საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამა, ვინ უნდა გასცეს სერტიფიკატი და ა.შ", - აცხადებენ კომიტეტის აპარატში. 

დეპუტატის ეკა სეფაშვილის შეფასებით, საკანონმდებლო წინადადებით, შრომის ბაზრის რეგულირების გარკვეული მცდელობაა, რაც დაუშვებელია. 

"მე ამას მივიჩნევ როგორც ბიზნესისათვის ხელის შეშლის პირობად, უცხო ენის სპეციალისტებისათვის კიდევ ერთი დამატებითი ბარიერის შექმნას, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ იქნება",- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. 

კომიტეტის წევრის, როსტომ ჩხეიძის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით ცენტრალიზაციის მცდელობაა, რაც კონკუნრეციას ხელს შეუშლის. 

"ყველაფერი კონკურენციის პირობებში უნდა იქმნებოდეს. ცენტრალიზაციისაკენ მისწრაფება და ერთ ხელში მოქცევა, უკვე არის ძალადობა", - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ. 

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში თარჯიმანთა ასოციაციამ წარმოადგინა. პროექტი ითვალისიწნებს თარჯიმნების ერთ სივრცეში თავმოყრას, მათ აღრიცხვას და რეგისტრაციას, დალაგებას ენების და სტატუსის მიხედვით, მათ სერტიფიცირებას და ლიცენზირებას. 

პროექტის მიხედვით, ერთიან სივრცეში თავმოყრილი უნდა იყვნენ არა მხოლოდ თარჯიმნები, არამედ მთარგმნელობითი ცენტრებიც. მთარგმნელობითი ცენტრის გახსნის უფლება ექნება მხოლოდ ნაფიც ან სერტიფიცირებულ თარჯიმანს. 

 

Businesspartner