თარჯიმნების სერტიფიცირება, მომსახურების გაუმჯობესება - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში
საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია მთარგმნელობითი სფეროს კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს. ასოციაციამ პარლამენტში "თრჯიმნების შესახებ" საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისიწნებს თარჯიმნების ერთ სივრცეში თავმოყრას, მათ აღრიცხვას და რეგისტრაციას, დალაგებას ენების და სტატუსის მიხედვით, მათ სერტიფიცირებას და ლიცენზირებას.
"ყველა თარჯიმანს უნდა ჰქონდეს სასერტიფიკატო ან ასოციაციის შიდა გამოცდა ჩაბარებული. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხს. თარჯიმნების დაყოფა სტატუსების მიხედვით მათ სტიმულს მისცემს, იმუშაონ საკუთარ თავზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს და ერთი საფეხურით მაღლა აიწიონ, რაც გააუმჯობესებს როგორც მათი მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხს, ასევე მათ ფინანსურ მდგომარეობას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნაც. ის უნდა მოეწყოს ერთიანი სანოტარო რეესტრის მსგავსად, სადაც საბუთების გადაგზავნა და ამოღება მოხდება ელექტრონული წესით. თარგმანთა ერთიან რეესტრში გადაიგზავნება მხოლოდ ის საბუთები, რომლებიც საჭიროებენ დამოწმებას. თარგმანთა ერთიან რეესტრში გადაგზავნილი საბუთების თარგმნის უფლება ექნებათ ნაფიც და სერტიფიცირებულ თარჯიმნებს.
საკანონმდებლო წინადადებით, თარგმანის ღირებულების ჩარიცხვა მოხდება ასოციაციის ერთიან ანგარიშზე და შემდეგ ასოციაცია თავად აწარმოებს ანგარიშსწორებას თარჯიმნებთან.
დამწყებ თარჯიმანთა მომზადება მოხდება შესაბამისი ენის პრაქტიკოსი, მოქმედი თარჯიმნის მიერ. დამწყები თარჯიმანი გაივლის ასიციაციის გამგეობის მიერ შემუშავებულ 3 თვიან მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ჩააბარებს გამოცდას ასოციაციაში და მას მიენიჭება დამწყები თარჯიმნის სტატუსი და ლიცენზია, რაც უფლებას მისცემს განახორციელოს მთარგმნელობითი საქმიანობა მენტორი თარჯიმნის მეთვალყურეობის ქვეშ.
დამწყები თარჯიმანი შეეძლება გახდეს მთარგმნელ-თარჯიმანი, მთარგმნელ - თარჯიმანი- სეტიფიცირებული თარჯიმანი, სერტიფიცირებული კი, ნაფიცი თარჯიმანი.
პროექტის მიხედვით, ერთიან სივრცეში თავმოყრილი უნდა იყვნენ არა მხოლოდ თარჯიმნები, არამედ მთარგმნელობითი ცენტრებიც. მთარგმნელობითი ცენტრის გახსნის უფლება ექნება მხოლოდ ნაფიც ან სერტიფიცირებულ თარჯიმანს.
"ეს გამორიცხავს მთარგმნელობით სფეროში არაპროფესიონალი და არათარჯიმანი პირების ჩართვას. ინფორმაცია მთარგმნელობითი ცენტრის შესახებ უნდა იგზავნებოდეს თარჯიმანთა ასოციაციაში. საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო კრების მიერ შემუშავებული წერის ნორმების და წესების, დოკუმენტების ფასების და თარჯიმანთა ეთიკის ნორმების დაცვა სავალდებულო უნდა იყოს მთარგმნელობით ცენტრებში მომუშავე ნებისმიერი თარჯიმნისთვის", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს თარჯიმანთა თავმოყრას ერთიან სივრცეში, მათ აღრიცხვას, დალაგებას ენების მიხედვით და ინტერნეტში განთავსებას. ეს უზრუნველყოფს კლიენტებისთვის თარჯიმანთან ხელმისაწვდომობას.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ კანონის მიღების მიზანია ასევე თარჯიმანთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დოკუმენტთა ფასების მეშვეობით თარჯიმანს ზუსტად ეცოდინება, რამდენი ერგება მას კონკრეტული საბუთის თარგმნის შემთხვევაში (70%), რამდენი უნდა შეიტანოს ბიუჯეტში (20%) და რამდენი დატოვოს ასოციაციაში (10%).
გამოცდის ჩაბარება, სერტიფიცირება და ლიცენზირება არ დაევალება მხატვრული ლიტერატურის თარჯიმანს. ნებისმიერ ფილოლოგს, ვისაც გააჩნია უცხო ენის ფილოლოგიის დიპლომი, თარგმნის ნება-სურვილი და დარწმუნებულია საკუთარ კომპეტენციაში, შეეძლება ლიტერატურული თარგმანის განხორციელება.
მას საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება მხოლოდ სურვილის შემთხვევაში შეეძლება.
"კანონპროექტის მიღების მიზეზია, მთარგმნელობით სფეროში არსებული უკანონო ქმედებების აღმოფხვრა.
მთარგმნელობით სფეროში ადგილი აქვს თარჯიმანთა შრომითი უფლებების დარღვევას, მათ პროფესიულ დისკრიმინაციას და პროფესიული ღირსების შელახვას. მთარგმნელობით სფეროში არსებული სრული უკონტროლობის და განუკითხაობის ფონზე ფინანსურად და მორალურად ზიანდება როგორც პროფესიონალი თარჯიმანი, ასევე კლიენტი", - აცხადებენ ასოციაციაში.