საზოგადოება
25/11/2022

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" კანონში ფემიციდის ცნების გაჩენასა და გაუპატიურების მუხლში ცვლილებებს ითხოვს

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელშიც საქართველოც ერთვება. ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის” უერთდება 20:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მარშს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებადამცველებისა და არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ.

ქალთა მკვლელობებისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც ადასტურებს ჩვენს გარშემო წლების განმავლობაში დაფიქსირებული უმძიმესი შემთხვევები. რთული ვითარების საილუსტრაციოდ კმარა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალთა მკვლელობისა და ძალადობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფაქტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით ვრცელდება.

შემაშფოთებელია 24 ნოემბერს თერჯოლაში დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ქმარმა ყოფილი ცოლი დაწვა;

უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ბათუმშიც, როცა 14 წლის მოზარდს მამამ მას შემდეგ სცემა, რაც გოგომ გაამხილა, რომ ის 25 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.

სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტები გამონაკლისი არ არის, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს:

• 186 - საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამდენია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც 2014-2022 წლებში საქართველოში მოკლეს.

კიდევ უფრო მძიმეა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა:

• 2022 წელს (9 თვეში) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 003 ქალი გახდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6 940 იყო, ხოლო 2020 წელს 7 573.

არსებული სტატისტიკა და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც განსაკუთრებულად სასტიკი ფორმა აქვს, აჩვენებს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის.

არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მოითხოვს, პირველ რიგში პრევენციული ღონისძიებების გატარებას ქალთა ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით:

• გაჩნდეს საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი “ფემიციდი”. ამით სახელმწიფო აღიარებს, რომ ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა.
• გაჩნდეს კანონში განმარტება, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი არის გაუპატიურება და ძალადობა; და რომ ქალის თანხმობა ამ პროცესში გადამწყვეტია. სამწუხაროდ, საქართველოს კანონი გაუპატიურებად აღიარებს მხოლოდ ისეთ სექსუალურ აქტს, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებთან, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და მუდმივად მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და ამ საკითხების ადვოკატირებისთვის. ბიზნესფედერაცია ასევე აქტიურად დგამს ქმედით ნაბიჯებს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და მზად არის კიდევ უფრო მასშტაბურად ჩაერთოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალთა უფლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქვეყანაში.