საზოგადოება
13/05/2021

ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 კომპანიაა ჩართული

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანია არის ჩართული.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გამარჯვებული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ათ პროექტთან დაკავშირებით,  სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება.

„თბილისში, ჯამში, 3 000-მდე პირი არის დარეგისტრირებული, რომლის წინაშე ვალდებულება სახელმწიფოს აღიარებული აქვს. ეს პრობლემა დედაქალაქში ათეული წელია არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება რომ დანარჩენი დაზარალებულებს მსგავსი მოდელით გადაეცეთ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც, 3 000-მდე ოჯახს საკუთარი ბინების ქონის შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.