ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში 3 მილიონამდე ადამიანის აცრაა საჭირო
საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთანი გაივლის კოვიდ 19-ის შესახებ საინფორმაციო სესიებს გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით. ინიციატივა მოიცავს პირისპირ ტრენინგ სესიებს 8 რეგიონის 65 კლინიკასთან და მიზნად ისახავს ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი – ექთნები, სანიტრები და დამლაგებლები, რომლებიც სამედიცინო კლინიკებში მუშაობენ, დაცული იყვნენ ვირუსისაგან“, – აღნიშნავს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „როგორც წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან, მათ ყველაზე ხშირი კონტაქტი უწევთ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც კოვიდ 19-ის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან. მასწავლებლებისთვის ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს მსგავს ინიციატივას სამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინებისგან, მსოფლიოს ჯანდაცვისა და განვითარების ამ უდიდესი მიღწევისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღება.“
ტრენინგს ჩაატარებენ წამყვანი სამედიცინო ექსპერტები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე; ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მასტერ-ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგ სესიებს ექთნებისთვის, სანიტრებისა და დამლაგებლებისათვის შერჩეულ რეგიონულ კლინიკებში. ისინი აგრეთვე ჩაატარებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე შეხვედრის მონაწილეების ჯგუფურ ვაქცინაციას სამედიცინო ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ.
ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დელტა ვარიანტის პირობებში, პანდემიის სრული გაკონტროლების შესაძლებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია იქნება მთელი პოპულაციის 80%-ში. ამიტომ, მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებელი გადასახედია.
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყნებში, სადაც დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყსიში იმუნიზებული არ იქნება მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ანუ 50%-ზე მეტი, შეიძლება განვითარდეს ყველაზე ცუდი პროგნოზი, რაც ძალიან საგანგაშოა. ამიტომ, ალერგოლოგი მიმართავს და ყველას პირველ რიგში სახელმწიფოს, თხოვნით, ვაქცინაციის პროცესში იყოს მაქსიმალური ინტენსივობა და პროაქტიური ჩართულობა. „პანდემიის დაუსრულებელი ტალღების თვლას ვერ ავუდივართ და ვერ ავუვალთ, თუ ვაქცინაციის პროცესს წარმატებით არ განვახროციელებთ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სრულად აცრილია მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20%. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყანაში წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%, ანუ 1,7 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას.
jandacva.ge