საზოგადოება
26/11/2021
ბაზარზე ვადაგასული სურსათის განთავსებაზე სანქცია მკაცრდება
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, სანქციების გამკაცრება გათვალისწინებულია "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" შესულ ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: კრიტიკული შეუსაბამობის (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) განმეორებით ჩადენა და ჯარიმა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით; ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება და ჯარიმა განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.
დაწესდა პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.