საზოგადოება
09/06/2021

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს სახელს კერძო კომპანია შეურჩევს

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს სახელს კერძო კომპანია შეურჩევს. „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის, რეკლამისა და სხვა სახის უფლებების გადასაცემად აუქციონს აცხადებს.

აუქციონში გამარჯვებულს სხვადასხვა სახის უფლებები 5  წლით გადაეცემა.

საწყისი ფასი, ანუ  1 წლის საიჯარო ქირა დღგ-ს ჩათვლით,  1 მლნ ლარია, ვაჭრობის „ბიჯი“ 25 000 ლარს შეადგენს.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ, სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენა“-ს.

შესაძლებელი იქნება ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე.

აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე ფასადი, სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებული პერიოდულობით, მაქსიმუმ კვირაში 7 საათისა,  განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც.

სტადიონის მესაკუთრე, აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს და სხვა.