საზოგადოება
14/07/2021

ბაკურიანში საოჯახო პარკი მოეწყობა

ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.

75 873 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგეგმება საოჯახო პარკის (Family Park) კონცეფციის განვითარება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის განხორციელების მიზნით სატენდერო წინადადებების წარდგენის მიზნით მოწვევა უკვე გამოაცხადა. განაცხადის მიხედვით პროექტის ღირებულება 11,444 მლნ ლარს აღემატება.

ფონდის ცნობით, სწორედ საოჯახო პარკის კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა ობიექტები, მათ შორის საფეხმავლო გზები, ბავშვების სათამაშო მოედნები, ტურისტულ ზონები, პიკნიკის მოსაწყობი არეალები. პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქციაა საფეხმავლო რამპა, რომელიც მიწის დონიდან იქნება აწეული ჰაერში (განთავსდება შესაბამის საყრდენებზე) და მისი მეშვეობით მოხდება კავშირი ქვედა და ზედა დონეებს შორის.

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტი, სპორტსმენებისათვის განკუთვნილი გასახდელების შენობა, ფეხბურთისა და ჰოკეის ძველი მოედნები შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ახალი თანამედროვე სტანდარტების მოედნებით ჩანაცვლდება.

აღსანიშნავია, რომ საოჯახო პარკის კონცეფცია მოტო და ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალებების ამოღებას გულისხმობს.

ამავდროულად როგორც მოწვევის განაცხადშია მითითებული პარკს მაქსიმალურად შეუნარჩუნდება ბუნებრივი იერი. შენობები ძირითადად 2 მასალით იქნება დამუშავებული, მეტალის ფილებით და ხის პანელებით. ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები ასევე მოეწყობა 2 ტიპის მასალით, მაღალი ხარისხის დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური საფარით (CO-EXTRUCTION WPC DECKING) და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

საქართველომ პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსება მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში მიიღო.