საზოგადოება
29/09/2021

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ₾30 მლნ დაიხარჯება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. ხიდის მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება, პროექტის ღირებულება 30 მლნ ლარია.

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება, ის საფეხმავლო ხიდის გვერდით აშენდება.

"პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, პროექტები იმ პროექტებს შორისაა, რომლებიც გასულ წლებში უნდა დაგვეწყო, მაგრამ პანდემიის პირობებში დროებით შეჩერდა. "ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება და ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც.

„ეს ხიდი, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად მოდერნიზებული და ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის. როდესაც ამ ხიდის სამუშაოები დასრულდება, აუცილებელი არის, რომ უნივერსიტეტის ქუჩა ამ პროექტს მოდერნიზებული სახით დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება ბაგების დასახლების გზებიც.