ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედელი მოეწყობა
თბილისის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოებს იწყებს.
თბილისის მერის თქმით, ამ მონაკვეთზე 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის.
„მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო გადაადგილება. მომდევნო ეტაპზე დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანი გამაგრებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და სამი თვის ვადაში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.